სიახლეები
11.09.2012 11:35
ევროსასამართლოს ახალი პრეზიდენტი
09.09.2012 16:46
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
05.09.2012 16:11
მ ი მ ა რ თ ვ ა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს: ბატონ ზურაბ ხარატიშვილს
24.08.2012 15:23
შვიდი ცნობილი ორგანიზაცია თამარ კაიკაციშვილის საქმეზე სასამართლო დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვს
08.08.2012 17:28
ცალმხრივი დეკლარაციის აღიარების პოლიტიკა და მისი გამოყენების პრაქტიკა
26.07.2012 10:38
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მონიტორინგის კამპანია
17.07.2012 15:11
წერილი ქალბატონ ჯენევიევ მეიერს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

წერილი ქალბატონ ჯენევიევ მეიერს საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ

17.07.12

ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტმანეტს ევროსასამართლოს ინდივიდუალურ საჩივრებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ ინფორმაციით.
ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა ამ ორგანოსადმი მნიშვნელოვანია და მათივე პროცედურის თანახმად სავალდებულოა განსახილველად. რა უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გააკეთებს მსგავს მიმართვას მით უფრო საყურადღებო და ანგარიშ გასაწევი იქნება ეს საკითხი მინისტრთა კომიტეტისათვის. თუ თქვენ ეთანხმებით წინამდებარე მიმართვას ან გსურთ სხვა საკითხზე გააგზავნოთ თქვენი წერილი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაცია:


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტი
ევროპის საბჭო
F-67075 სტრასბურგი, CEDEX
ტელ.: +33 (0)3 90 21 55 54
ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 93
ელ-ფოსტა: dgI.Execution@coe.int

 

ქალბატონ ჯენევიევ მეიერს
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტმანეტი


17 ივლისი, 2012 წელი


საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის სამართლებრივი სტრუქტურის შესახებ


1999 წლის 20 მაისიდან საქართველო გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კომიტეტმა ჯერ კიდევ 2000 წლის 19 იანვარს მიღებული No R (2000) 2 რეკომენდაციით მოუწოდა მხარეებს, შეექმნათ ეფექტური ეროვნული სისტემები პროცესის განახლებისათვის ევროპული სასამართლოს მიერ დარღვევის დადგენის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას 2010 წლამდე არ მიუღია არანაირი ზომა ამ მიმართულებით.
2010 წლის 4 მაისის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად1, ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვის საფუძველი შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა. ასევე გაიწერა კონკრეტული ვადები2, კერძოდ კი საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. ასევე იმავე კანონის თანახმად3, იმ პირებს, რომლებსაც ამ ცვლილების განხორციელებამდე უარი ეთქვათ პროცესის განახლებაზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებლობა მიეცა, სასამართლოსათვის მიემართათ 15 ივნისამდე. ე.ი. ამ ცვლილების4 ძალაში შესვლიდან 1 თვესა და 10 დღეში.
2011 წლის 28 ოქტომბრის ცვლილებების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეიტანეს ახალი დებულება, რომლის თანახმად, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვის საფუძველი შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევის დადგენა. თავდაპირველი ვერსიით, ახლად გამოვლენილი გარემოების გამო სასამართლოსათვის მიმართვის ვადა შეუზღუდავი იყო5, ხოლო 2012 წლის 27 მარტის ცვლილებების შემდეგ, გამონაკლისი გახდა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმართვა _ დაწესდა ერთწლიანი ვადა, რომელიც აითვლება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან.
ამასთანავე, იმ პირებს, რომელთა მიმართაც ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის პირველ იანვრამდე, ამ საფუძვლით პროცესის განახლების მოთხოვნა შეუძლიათ 2012 წლის პირველ ივლისამდე6, ე.ი. 6 თვეში.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგაც პრობლემა კვლავ ღიად რჩება, ვინაიდან არ შექმნილა ეფექტური და გამართული სისტემა. ერთადერთი ზომა, რაც ხელისუფლებამ მიიღო, არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეტანა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა კატეგორიაში და ამ საფუძვლით პროცესის გადასინჯვის შესაძლებლობის დადგენა. ამ გზით საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუთანბრა იმ გარემოებებს, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველია. კერძოდ, ასეთი საფუძვლებია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით _ საქმის სასამართლოს უკანონო შემადგენლობის მიერ განხილვის დადგენა;
2. გამოყენებული სისხლის სამართლის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა;
3. გამოყენებული მტკიცებულების დაუშვებლობის ან სიყალბის დადგენა;
4. მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, ნაფიცი მსაჯულის მიმართ საქმესთან დაკავშირებით სხვა პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დადგენა;
5. ახალი კანონის მიღება, რომელიც ამსუბუქებს ან აუქმებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
6. ახალი ფაქტის ან/და მტკიცებულების გამოვლენა, რომელსაც განაჩენის შეცვლა შეუძლია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ახლადაღმოჩენილი გარემოებებია:
1. გადაწყვეტილებაში გამოყენებული დოკუმენტის სიყალბის დადგენა;
2. მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება;
3. ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა;
4. შეგნებულად არასწორი თარგმანი;
5. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
6. იმ სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას;
7. მხარის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების წარმოდგენა, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
8. მხარის მიერ ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოვლენა, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

თავად ის ფაქტი, რომ ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააჩნია განსაკუთრებული სტატუსი და სახელმწიფოსათვის სამოქალაქო სამართალწარმოებაში წარმოადგენს მხოლოდ ახლადაღმოჩენილ გარემოებას უკვე საყურადღებოა, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ საფუძვლით მიმართვისათვის დაწესებულია მოკლე ვადა, სხვა საფუძვლებისათვის კი _ შეუზღუდავი, რაც, ჩვენი აზრით, აშკარად ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ დამოკიდებულებას ავლენს.
საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს პასუხისმგებლობას და წარმოუდგენლად დიდ ტვირთს აკისრებს კონვენციის დარღვევის მსხვერპლს, რაც სწორედ იმაში გამოიხატება, რომ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, საქმის მხარის მიერ მოგების შემთხვევაში ავტომატურად კი არ ხდება საქმის წარმოების განახლება, არამედ სახელმწიფო საქმის განახლებისათვის საჩივრის მომზადებისა და წარდგენის ვალდებულებას აკისრებს პირს, რომელიც მთავრობის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გახდა კონვენციის დარღვევის მსხვერპლი, ვერ მიაღწია დარღვეული უფლების აღდგენას შიდასახელმწიფოებრივი საშუალებებისათვის მიმართვისა და სრულად ამოწურვის გზით და იძულებული გახდა, მიემართა ევროპული სასამართლოსათვის. ამასთან, მეტად შეზღუდულ ვადებში და განსაკუთრებული მოთხოვნების დაცვით.
კერძოდ კი კონვენციის დარღვევის მსხვერპლის მიმართ საჩივრის მომზადებისა და წარდგენისათვის განსაკუთრებით უსამართლოა კანონმდებლობით გათვალისწიებული ვადები _ სამოქალაქო საქმეებში 3 თვე და ცალკეული კატეგორიისათვის (იმ პირებს, რომლებსაც ამ ცვლილების განხორციელებამდე უარი ეთქვათ პროცესის განახლებაზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) _ 1 თვე და 10 დღე, ხოლო სისხლის სამართლის პროცესში_1 წელი და ცალკეული კატეგორიის მიმართ (საქმეები, რომლებზეც ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის პირველ იანვრამდე,) _ 6 თვე. მოგებული მხარისადმი კანონმდებლის დამოკიდებულება, ჩვენი აზრით, დისკრიმინაციულია, რადგან ადგენს განსხვავებულ ვადებს საქმეთა კატეგორიისა და კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით.
მოგებულმა მხარემ, კანონით დადგენილი წესით, საჩივარი ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უნდა შეიტანოს სააპელაციო სასამართლოში, ამგვარი სააპელაციო სასამართლო ქვეყანაში არის სულ ორი _ თბილისსა და ქუთაისში, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ევროსასამართლოს გადწყვეტილების აღსრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია ბაჟის სახით გაიდაიხდის 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს; ასევე გასათვალისწინებელია საადვოკატო მომსახურების ხარჯები, რაც დამატებით ტვირთად და დაბრკოლებად შეიძლება ექცეს მოგებულ მხარეს.
ჩვენ შევეცადეთ თქვენთვის გვეცნობებინა ის სამართლებრივი საფუძვლები, რაც ევროსასმართლოს გადაწყვეტილების ქვეყნის შიგნით ინდივიდუალური ზომების აღსრულების თვალსაზრისით გააჩნია. ჩვენ არ გაგვიანალიზებია კონკრეტულ საქმეებზე გამოტანილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ქვეყნის შიდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებათა მიმართება და მათი პრაქტიკული აღსრულების შედეგები. ვფიქრობთ, მომავალ ეტაპზე, თუკი შესაძლებელი გახდა შესაბამისი ინფორმაციის მიღება, შევეცდებით ეს კვლევაც განვახორციელოთ და მოგაწოდოთ.

პატივისცემით
ლია მუხაშვარია
აღმასრულებელი დირექტორი

 

1 პუქნტი ზ, მუხლი 423
2 პუნქტი 21 მუხლი 426
3 მუხლი 444.
4 2011 წლის 28 ოქტომბერი
5 მუხლი 311
6 მუხლი 311 21

უკან დაბრუნება  


 
 
ვიდეო არქივი
 
ლექცია ადამიანის უფლებებზე
ფოტოგალერეა